თეგი: კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას „არამეგობრული, ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი" უწოდა. ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პუტინს პირისპირ შეხვდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ავტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ომის დანაშაულებში ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს და რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება, ვიდრე ადამიანები იღუპებიან უკრაინაში. „არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი. შეტევა უკრაინაში მზადდება დიდი მონდომებით", - განაცხადა ნეჰამერმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, CNN-ის ცნობით. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ელოდა, პუტინი აზრს შეცვლიდა, მასთან ფაქტებით დაპირისპირება მნიშვნელოვანია. „ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან და ჩემი თვალით ვნახე ის ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად", - ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა მოსკოვის მახლობლად გამართული შეხვედრის შემდეგ. კანცლერის სპიკერის თქმით, მხარეები დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთში ვიზიტამდე ნეჰამერი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ეწვია ქალაქ ბუჩას, სადაც რუსეთის აგრესიიდან ერთი თვის შემდეგ, ქუჩებში მიმოფანტული უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ასევე CNN წერს, რომ ავსტრიის კანცლერის ვიზიტმა გაყო აზრი ევროკავშირის ლიდერებს შორის, ზოგიერთმა გამოთქვა სკეპტიციზმი რუსეთის ლიდერთან ურთიერთობის შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ „უკიდურესად რთული“ იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი, ქალაქ ბუჩასა და კრამატორსკში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეჭვი შეიტანა მოლაპარაკებების ეფექტიანობაში. ნეჰამერს სიფრთხილისკენ მოუწოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმაც. „ნუ იქნებით გულუბრყვილო. პუტინი არის ამ საშინელი ომის დანაშაულისა და ამ სისასტიკის ჩამდენი და ის უნდა დაისაჯოს ამისთვის", - განაცხადა ჩეხმა მინისტრმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ავსტრიის კანცლერი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ფანჯარა ჯერ ისევ რჩება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ფანჯარა ჯერ ისევ რჩება. „ორივე მხარე სამხედრო ვითარების შესაბამისად აზროვნებს, თუმცა ორივემ იცის, რომ რაღაც მომენტში ეს უნდა დასრულდეს“, - ეს განცხადება ავსტრიის კანცლერმა მედიასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ გააკეთა. ამასთან ავსტრიის კანცლერი შიშობს, რომ დონბასში საომარი ვითარება გამწვავდება: „ორივე მხარე ემზადება დაძაბული და ადამიანური თვალსაზრისით გამანადგურებელი ბრძოლისთვის“. თუმცა, კარლ ნეჰამერი მიიჩნევს, რომ „მოლაპარაკებისთვის ყველა კარი არაა დახურული“. კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ახლა მთავარი საკითხია „შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ ორივე მხარემ სახე შეინარჩუნოს“. მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სანქციები „რუსეთის საომარ ძალას ასუსტებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ეს პუტინს არ წაახალისებს, რომ ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს“.  9 აპრილს ავსტრიის კანცლერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 11 აპრილს კი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა. კარლ ნეჰამერი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან პირველია, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეხვდა. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „პირდაპირი, ღია და მძიმე“ საუბარი შედგა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე: ეს იყო არამეგობრული ვიზიტი

ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება.პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება

უკრაინული მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში ბუნებრივ აირზე ემბარგო არ შევა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ „გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ გაზის ემბარგო არ იქნება სანქციების შემდეგ პაკეტში“, – განაცხადა ნეჰამერმა. Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება.  როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

საქართველო, მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. „რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას. „შეხვედრა მქონდა გეოსტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს დიდი გამოწვევაა. საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი. ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზოციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგანლის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის. რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუვნელყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანმაშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ. მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიმქნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ომა ევროპა შეცვალა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს. მათ რუსეთთან საზღვარი აკავშირებთ. ამ ფონზე დაჩქარდა დისკუსია, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, სამი ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა, ასევე არის კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. იცვლება NATO-ც. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო მეტი და ძლიერი NATO, რომელიც მზადაა, მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ომი თავისთავად ტრაგედიაა. საქართველო თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში მაგალითად, 80 000 ლტოლვილია. საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, რეგიონში საქართველო რეგიონში აღიქმება როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში ინარჩუნებთ. მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

კარლ ნეჰამერი: ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იყოს აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა

კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. კარლ ნეჰამერი აღნიშნავს, რომ ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები განიხილა. „2022 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ჩვენ ასევე გვაკავშირებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ძალიან გამიხარდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა! განსახილველი თემები იყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმით ომს, რომელსაც ჩვენ ორივე ვგმობთ. აქ არ შეიძლება დავიწყებულ იქნეს გაყინული კონფლიქტები „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, - აღნიშნავს კარლ ნეჰამერი.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, ავსტრიასთან სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება. „აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე  

კარლ ნეჰამერი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს.  ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მე როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი გარანტია , რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრეების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა თუ იცის,რომ ჩვენი საშობაო ნაძვისხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა იმის გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ აქტიურად იმ მიმართულებით, რომ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი - ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

ავსტრია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის - კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ გეგერის ვენაში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნეჰამერს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის საკითხს. ამაზე ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიაში NATO-ში შესაძლო შესვლის შესახებ „არავითარი საუბარი“ არ მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ ვენა ჩართულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ასევე გეგმავს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის სფეროში. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის შემდეგ NATO-ში  გაწევრიანებას არ განიხილავს და ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმისთვის მიზეზს ვერ ხედავს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  

კარლ ნეჰამერი: საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. „როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებასა და ტურიზმზე, ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგოგენერაციაზე ენერგეტიკის მიმართულებაზე, საქართველო მართლაც საინტერესო პარტნიორია ავსტრიის ფირმებისთვის“, - აღნიშნა ნეჰამერმა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის ურყევ მხარდაჭერას

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოში. ბატონი კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორი ქვეყნის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. დღესვე, პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა ურთიერთობა ავსტრიასა და საქართველოს შორის. „დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ავსტრიის კანცლერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. პრემიერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე. „ასეთი მასშტაბის კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება და ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია

საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია. „დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კარი გავხსნათ მათთვისაც, ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია რაც შეგვეძლო ბოლო 10 წელიწადში მიგვეღო - ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღწეული, სადაც ნათლად დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას და პირადად ბატონ კანცლერს. ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ

თბილისში ვიზიტისას, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი. ავსტრია, რგორც თქვენი პარტნიორი და მეგობრული ქვეყანა, საქართველოს მხარს დაუჭერს იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვისაუბრეთ თემაზე, რომელიც ერთ წელზე მეტია, ყველას გვაშფოეთებს - უკაინის ომზე, ადამიანები უაღრესად მძიმე გაჭირვებაში არიან, ომის სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანებიდ ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტეროტორიების ნაწილი ოკუპირებულია. რუსი სამხედროები დგანან თქვენს ტერიტორიებზე, რასაც ავტომატურად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად, სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ შემიძლია, ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მართლაც მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც, ყველაფერთან ერთად დიდი გამოწვევაა მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში. ეს საქართველოს მთავრობისთვის არის დიდი გამოწვევა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და გარანტია მოგცეთ, რომ ავსტრია დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს. „ავსტრია აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ“, - აღნიშნა ავსტრიია კანცლერმა.  მისივე თქმით, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური შეფასებები: „უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.  

ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია

„ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია“, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც დიდი გამოწვევაა საქართველოს მთავრობისთვის. „საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას“.  ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს. „ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირი ამოსავალი პირობები უნდა არსებობს, არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებას მიაღწია ამ სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), ავსტრია მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარ ნეჰამერმა.     

საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.   ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.   დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.              

პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრიის კანცლერმა კი, ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც. შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი დღეს თბილისში იმყოფებოდა. ორბელიანების სასახლეში ვიზიტამდე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.